EBRD

საქართველოს ჯანდაცვის სექტორის „გამწვანება“

By Olga Aristeidou


in english

EBRD და GEF მხარს უჭერენ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG), ქვეყნის უმსხვილეს ჯანდაცვის პროვაიდერს

საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ კლიმატის ცვლილება და ადამიანის ჯანმრთელობა არსებითადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. სუფთა გარემო აუცილებელია ჩვენი კეთილდღეობისათვის. ექსტრემალური ამინდი და ჰაერის დაბინძურება კი, როგორც არაერთხელ დადასტურდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

ამავე დროს, კლიმატის ცვლილება აჩენს კითხვებს არსებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გამძლეობის შესახებ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, 2030-დან 2050 წლამდე კლიმატის ცვლილება გამოიწვევს წელიწადში დამატებით 250000 ადამიანის სიკვდილს, მხოლოდ არასრულფასოვანი კვების, მალარიის, დიარეისა და სიცხესთან დაკავშირებული სტრესისგან.

შესაბამისად, ისმება კითხვები: არიან კი ჯანდაცვის სისტემები მზად გაუმკლავდნენ მოთხოვნის მოსალოდნელ ზრდას? და თავად ჯანდაცვის სექტორი რა გავლენას ახდენს გარემოზე?

Health Care Without Harm (HCWH) და საკონსულტაციო ფირმა Arup-ის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სექტორის ნახშირბადის ნაკვალევი შეადგენს მსოფლიოში C0₂ წმინდა ემისიების 4,4 პროცენტს. ჯანდაცვა რომ ქვეყანა ყოფილიყო, ის იქნებოდა მეხუთე უმსხვილესი გამომსხივებელი პლანეტაზე, მაგალითად, საავადმყოფოები იყენებენ მეტ რესურსს და წარმოშობენ მეტ ნარჩენს, ვიდრე მსგავსი ზომის სხვა კომერციული შენობები.

სწორედ ამიტომ, მეტი ჯანდაცვისა და საავადმყოფოს მმართველი იწყებს მწვანე დღის წესრიგის ჩართვას საავადმყოფების ფუნქციონირებაში.

როგორ გაამწვანა“ GHG-იმ ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) აგრძელებს მუშაობას უფრო „მწვანე“ ფუქნციონირებაზე გადასასვლელად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მხარდაჭერით, ბანკის კლიმატის ცვლილების ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის (FINTECC) მეშვეობით.

„ვფიქრობ, ბიზნესმა უნდა დაიწყოს ამ თემაზე ფიქრი და განსაზღვროს ის პრიორიტეტად“, აღნიშნავს GHG-ის ინვესტორებთან ურთიერთობისა და დაფინანსების ხელმძღვანელი ქეთევან კალანდარიშვილი „თითოეულმა ბიზნესმა უნდა ჩამოაყალიბოს გარემოს დაცვის დღის წესრიგი და ჩართოს ის თავის სტრატეგიულ მიმართულებაში.“

GHG არის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების ფართო სპექტრს 16 საავადმყოფოსა და 35 კლინიკისგან შემდგარი ქსელის მეშვეობით, საერთო ჯამში, დაახლოებით 2500 საწოლით. GHG ასევე მართავს უმსხვილეს სააფთიაქო და სადისტრიბუციო ბიზნესს - 358 აფთიაქით საქართველოში და 8 აფთიაქით სომხეთში, ასევე, უდიდესი დიაგნოსტიკური ცენტრით კავკასიის რეგიონში.

GHG-მ დაიწყო დღეისათვის არსებული საუკეთესო მწვანე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოყენება, რაც სცილდება საქართველოში მიღებულ სტანდარტულ პრაქტიკას. მათ შორისაა მოწინავე თბოიზოლაცია, მაღალი ეფექტურობის ჩილერები და ქვაბები, LED განათება და ინტეგრირებული განახლებადი ენერგიის წყაროები. ამის შედეგია ენერგიის მოხმარების შემცირება 10 პროცენტზე მეტით ჯანდაცვის დაწესებულებებში.

წელს, EBRD-ის მხარდაჭერით, GHG-მ ჩაატარა თავისი ობიექტების ენერგეტიკული აუდიტი. პროცესმა გამოავლინა რამდენიმე ხარჯთეფექტიანი გზა საქმიანობის გასაუმჯობესებლად, რაც გამოიწვევს ენერგიისა და წყლის დაზოგვას, ასევე, ენერგიის მართვის ახალ სისტემების დანერგვას და შეამცირებს არსებული შენობების გარემოს დაცვის ნაკვალევს.

„კომპანია ყოველდღიურად ცდილობს შეასრულოს თავისი მისია გააუმჯობესოს ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი სერვისებისა და პროდუქტების მზარდ სპექტრში, იყოს ეკოლოგიური პასუხისმგებელობის მქონე ბიზნესი და ხელი შეუწყოს ბაზრის მუდმივ განვითარებას“, - აღნიშნავს ქეთევან კალანდარიშვილი.

EBRD და GHG დიდი ხნის პარტნიორები არიან

ხსენებული „მწვანე“ პროექტები არ არის ერთადერთი, რითიც EBRD GHG-ს დაეხმარა. თავდაპირველად, ბანკმა GHG-ს 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება გამოუყო დედაქალაქ თბილისში ორი დიდი საავადმყოფოს გარემონტებისა და განახლების, ამბულატორიული კლინიკების ქსელის გაფართოებისა და ქვეყანაში ახალი ჯანდაცვის სერვისების განვითარების მხარდასაჭერად.

ბანკი ასევე დაეხმარა კომპანიას კავკასიის რეგიონში უდიდესი დიაგნოსტიკური ლაბორატორიის - მეგა ლაბორატორიის აშენებაში. მულტიდისციპლინურმა ლაბორატორიამ, რომელიც აღჭურვილია უახლესი ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიით, საშუალება მისცა GHG-ს შეექმნა მოლეკულური ლაბორატორია და პაციენტებისთვის შეეთავაზებინა რთული ონკოლოგიური ტესტები, რომელთა ნაწილიც აქამდე არ ყოფილა ხელმისაწვდომი საქართველოში. ლაბორატორიამ ცოტა ხნის წინ მიიღო საერთაშორისო ერთობლივი კომისიის (JCI) აკრედიტაცია მაღალი სტანდარტებისათვის.

GHG-სა და EBRD-ს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გამყარდა Covid-19-ის პანდემიის დროს, როდესაც ბანკმა კომპანიას 25 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო საბრუნავი კაპიტალისა და საოპერაციო ხარჯებისთვის.

გასულ თვეში, EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო  საქართველოს ვიზიტით ეწვია და ხელი მოაწერა ახალ პროექტს, GHG-ის შვილობილ კომპანიასთან, სს ევექს ჰოსპიტალსთან (Evex), რომლის მიზანიც საქართველოში ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ყველა ეს ღონისძიება და თანამშრომლობა EBRD-სა და GEF-თან ეხმარება GHG-ს განახორციელოს თავისი მისწრაფება აამაღლოს ჯანდაცვის სტანდარტები საქართველოში. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში, GHG-მ დახარჯა დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნაზე, საავადმყოფოებისა და კლინიკების განახლებასა და მშენებლობაზე სამედიცინო უნარებისა და მომსახურების ხარვეზების აღმოსაფხვრელად“, - განმარტავს ქალბატონი ქეთევან კალანდარიშვილი. „საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ძირითადი ელემენტის შესასრულებლად, ჩვენ ხელს ვუწყობთ ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის მიღწევას ყველასთვის, ასაკის მიუხედავად“.